თანამედროვე მსოფლიოს Top 10 არქიტექტურული შედევრი

1. გუგენჰაიმის მუზეუმი, ბილბაო, ესპანეთი, 1997

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან.

შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. მუზეუმის მტკიცებით შენობას არც ერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.
შენობა, რომელიც საპორტო ქალაქში დგას, შორიდან აფრიან გემს ჰგავს. მისი ამრეკლი პანელები თევზის ქერცლს ემსგავსება, რაც გამოძახილია გერის დიზაინში განმეორებადი სხვა ორგანული ფორმების და ერწყმის მდინარე ნერვიონს, რომლის პირასაც ის მდებარეობს. შენობა იმენად ჰაეროვანია, რომ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფორმას იცვლიდეს, როდესაც ქუჩის მხრიდან აკვირდები.
ასევე გერის სიტლისთვის ტიპიურად შენობა ტექნოლოგიის პერიოდის უნიკალური პროდუქტია. შენობის კონსტრუქციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპიუტერულ გრაფიკასა და ვიზუალიზაციებს. კომპიუტერულმა სიმულაციებმა შესაძლებლობა მისცა ინჟინრებს შეექმნად ისეთი ფორმები, რომელიც ადრეული პერიოდის არქიტექტორებისთვის თითქმის მიუწვდომელი იყო. კონსტრუქციის მშენებლობის დროს ქვის პანელები ლაზერით დაიჭრა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად შენობის ფასადის გრანდიოზულობისა მდინარის მხრიდან, ის საკმაოდ სადად გამოიყრება ქუჩის მხრიდან და მის შემოგარენს არ ჩრდილავს.
მუზეუმისთვის ეს ადგილი შეირჩა ქალაქ ბილბაოსა და მთლიანად ბასკეთის ეკონომიკური და კულტურული გადახალისების მცდელობის პროექტის ფარგლებში. შენობის გახსნიდან თითქმის მყისვე ბილბაო ტურისტების პოპულარული ადგილი გახდა, მოიზიდა რა დამთვალიერებლები მთელი მსოფლიოდან. როგორც ამბობენ, მუზეუმმა ბილბაო მსოფლიო რუკაზე დასვა.

მუზეუმის გამოფენები ხშირად იცვლება, თუმცა ყველაზე ხშირად აქ მე-20 საუკუნის ხელოვნება ჭარბობს და ტრადიციულ ფერწერასა და სკულპტურებს მუზეუმი უფრო ინსტალაციურ და ელექტრონულ ფორმებს ამჯობინებს. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის შეფასებით თაავდ შენობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის სრულიად ჩრდილავს მუზეუმის კოლექციას.

2. პეტრონას კოშკები, მალაიზია, 1998

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარე პეტრონას კოშკები 88 სართულიანი, 450 მეტრის სიმაღლის ტყუპი ცათამბჯენებია, რომლებიც ხიდით უკავშირდება ერთმანეთს. მშენებლობა 6 წელი მიმდინარეობდა (1992-1998 წწ) და 2004 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა, რომლის აშენებაც 800 მლნ. დოლარი დაჯდა. პეტრონას კოშკების დიზაინი ამერიკელ არქიტექტორს ცეზარ პელის ეკუთვნის. კოშკებში განთავსებულია ოფისები, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, სამხატვრო გალერეები.

3. ბურჯ ხალიფა, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, 2010

დუბაიში მდებარე ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს ატარებს. 160 სართულიანი, 828.9 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი 6 წელი შენდებოდა, მისი აშენება 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა და 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. შენობის არქიტექტურა (ადრიან სმიტი), სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ეკუთვნის კომპანიას Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). ბურჯ ხალიფას მშენებლობაში გამოიყენეს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია: იგი ახდენს  მზისა და ქარის ენერგიის აკუმულირებას, რაც მას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, კონდიცირების განსაკუთრებული სისტემა კი ცათამბჯენში მუდმივად 18 გრადუსის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. შენობის სიმაღლის გათვალისწინებით, ირგვლივ 95 კმ-ის რადიუსის დათვალიერებაა შესაძლებელი.

4. რეიკიავიკის საკონცერტო და საკონფერენციო ცენტრი არფა (Harpa), ისლანდია, 2011


ცნობილი საკონცერტო დარბაზი ისლანდიის დედაქალაქში მდებარეობს, რომელიც ხელოვნებისა და ინჟინერიის ჰარმონიული შერწყმის შესანიშნავი მაგალითია. ეს გეომეტრიული სტრუქტურა რკინის კარკასისა და სხვადასხვა ფერის მინისგან შედგება, რომლის მისი აშენება 2011 წელს დასრულდა. შენობა დააპროექტა დანიურმა კომპანიამ Henning Larsen Architects. მისმა ღირებულებამ 164 მილიონი ევრო შეადგინა.

5. სინგაპურის ბაღები, 2012 



სინგაპურში, მარინას ყურეში, სინგაპურის მთავრობის პროექტის “ქალაქი ბაღებში” ფარგლებში,  101 ჰა ტერიტორიაზე გაშენდა უნიკალური რეკრეაციული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ხიდებს, მიწისზედა გადასასვლელებს, ბოტანიკურ პარკებსა და მცენარეებს, რომელთა 220 ათასი სახეობა ყველა კონტინენტიდან ჩაიტანეს. ბაღების ტერიტორიაზე განლაგებულია 25 -50 მეტრი სიმაღლის ე.წ. სუპერ-ხეები. ხეებს ერთმანეთთან აკავშირებს ხიდები, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს დატკბეს საოცარი ხედებით. ეს უნიკალური ხეები აღჭურვილია ფოტოელექტრული მზის სისტემით, რომელიც მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და დღის განმავლობაში დაგროვილი მზის ენერგია ღამის განათებისთვის გამოიყენება. ხეები წვიმის წყლის კოლექტორების როლსაც ასრულებენ. ამ საოცარი პროექტის აშენება 1 მილიად დოლარზე მეტი დაჯდა.

6. პიანინო სახლი, ჩინეთი, 2007 

სახლი-პიანინო საოცარი ნაგებობაა, რომელიც არაჩვეულებრივი ფორმით შეემატა უნიკალურ ნაგებობათა სიას. იგი აშენდა 2007 წელს, ჩინეთის ქალაქ ხუაინანში, სახლი ჰეფეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებმა დააპროექტეს. ამ ნაგებობას „პიანინოს და ვიოლინოს ფორმის შენობას“ უწოდებენ, რადგან არქიტექტურულ კომპოზიციაში შედის ორივე მუსიკალური ინსტრუმენტი. შენობა აგებულია უახლესი ტექნოლოგიური მასალებით. ამ არქიტექტურულ საოცრებაში გადაადგილება შუშის ვიოლინოს ფორმის ნაწილში განთავსებული ლიფტის საშუალებით ხდება, საიდანაც შემდეგ როიალის ფორმის უზარმაზარ დარბაზში მოხვდებით.

7. სელფრიჯის შენობა, ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი, 2003

2003 წელს ბირმინგემის ცენტრში აგებული ფუტურისტული სელფრიჯის სავაჭრო ცენტრის შენობა ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც ქალის სილუეტს წააგავს და პაკო რაბანის ცნობილი ჯაჭვებიანი კაბის ტექსტურის ფასადი აქვს. შენობის ლურჯი ფასადის მოპირკეთებას 15,000 ალუმინის დისკი დასჭირდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. შენობის არქიტექტურა ეკუთვნის კომპანია Future Systems-ს. 
8. ვალენსიის ოპერის თეატრი, ესპანეთი, 2005
„პალაუ დე ლეს არტს რეინა სოფია“ ვალენსიის ოპერის თეატრია, რომელიც 10 წელი შენდებოდა და 2005 წელს საზეიმოდ გაიხსნა. საოცარი შენობის არქიტექტორია მსოფლიოში სახელგანთქმული სანტიაგო კალატრავა. 40 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული თეატრი 4 ძირითადი დარბაზისგან შედგება და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ოპერის თეატრის სტატუსს ინარჩუნებს, რომლის სიმაღლე 75 მეტრს შეადგენს.
9. ლოტუსის ყვავილი, ჩინეთი, 2013


ლოტუსის შენობა ჩინეთში, ჯიანზუს პროვინციაში მდებარეობს, რომლის დიზაინი აყვავებული ლოტუსის ყვავილის ინსპირაციით შეიქმნა. იგი ხელოვნური ტბის ცენტრშია აგებული და მასში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო სივრცეები, ოფისები, ლოტუსის შიგთავსის მსგავსი ინტერიერით. გარე ფასადი მრავალფერად ნათდება ღამით და ფერთა კომბინაციას იცვლის ყოველ 20 წამში. შენობის დიზაინი ეკუთვნის ავსტრალიურ არქიტექტორულ კომპანიას studio505. მისი მშენებლობა 2013 წელს დასრულდა.
10. პეკინის ეროვნული სტადიონი, ჩინეთი, 2008

პეკინის ეროვნული სტადიონი, რომელსაც „ჩიტის ბუდესაც“ უწოდებენ ვიზუალური მსგავსების გამო, მდებარეობს პეკინში. მისი მშენებლობა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის დასრულდა. აგებულია პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორების, ჰერცოგი და დე მერონის პროექტით. სტადიონის ღირებულება 428 მლნ. დოლარია.


No comments:

Post a Comment