მხატვრობა


რა არის მხატვრობა ?


 არაერთი მწერლის, მხატვის, კრიტიკოსისა თუ ჩვეულებრივი ადამიანის მოსაზრება წამიკითხავს იმის შესახებ, თუ რა არის მხატვრობა. სიტყვა მხატვრობის საერთაშორისოდ მიღებული განმარტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მხატვრობა ეს უბრალოდ ტილოზე (ქაღალდზე) ფუნჯით (კალმით, ფანქრით) საღებავების დატანა და რაიმე კონკრეტული სიუჟეტის გადმოცემაა 
     მხატვრობა შეხების ხელოვნებაა: ფანქრის ან ფუნჯის დაჭერის ინტენსივობა.იგი მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას, პრეისტორიულ  გამოქვაბულის  სურათებით დაწყებული – თანამედროვე სამხტვრო გალერეის კედელზე დამოკიდებული ავანგარდისტული ტილოთი დამთავრებული. ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული  მოსზრებები აქვთ, რაც ზოგჯერ  საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა.  ფრანგი მხატვარი  მანე ისე აღაშფოთა  ერთ–ერთი კრიტიკოსის  მიერი გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც კი გამოიწვია. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრებები აქვს. 

მხატვრული მიმდინარეობები


აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ხელოვანთა მიმდინარეობა, რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის.









ავანგარდიზმი – XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება.
   ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს.იგი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს.








ბაროკო – (ფრანგ. baroque - უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.









დადაიზმი – 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.
   დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში.
   დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი.







ექსპრესიონიზმი – ხელოვნების მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში.ექსპრესიონიზმი არის სუბიეტურობის გამოვლინება, რაც მიზნად ისახავს რეალობის დეფორმირებას რათა პუბლიკაში ემოციური რეაქცია გამოიწვიოს. წარმოდგენები ხშირად მტანჯველი ხასიათისაა, ახდენს რეალობის სტილიზებას, უცვლის მას ფორმას და ამგვარად აღწევს ძლიერ ექსპრესიულ ინტენსივობას. ეს ყოველივე არის იმ პესიმისტური ხედვის შედეგი, რომელიც გააჩნდათ ექსპრესიონისტებს თავიანთი ეპოქის შესახებ, კონკურეტულად კი პირველი მსოფლიო ომის მიმართ.






იმპრესიონიზმი – მიმდინარეობა,რომელიც ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
  იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან -შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).







კონცეპტუალიზმი – ავანგარდის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც აღმოცენდა 60–80–იან წლებში. კონცეპტუალიზმში პირველ პლანზე ჩნდება კონცეპტი, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ–ლოგიკური იდეა, მისი ვერბალიზებული კონცეფცია, დოკუმენტურად გადმოცემული პროექტი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია), არამედ თავად იდეაში.





მოდერნიზმი –  კულტურული მიმდინარეობაა, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ


.



როკოკო –  ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“ (ფრანგ.: Rocaille; ქართ.: ნიჟარის ნაკეთობა)







რომანტიზმი – მიმდინარეობა, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კისაფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა.
   რომანტიზმზე გავლენა იქონია შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის მიხედვით ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, ნება, მაგრამ ეს ნება გაცნობიერებული ხდება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში. ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ამ შემთხვევაში არისხელოვნება. რომანტიზმი კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. რომანტიზმი არასოდეს ყოფილა სისტემაში მოყვანილი დოქტრინა. ეს იყო ერთიანობა იმ პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა.
   არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. ეს ყველაფერი გამოწვეულია "მე"-ს გამძაფრებული შეგრძნებით, სიამაყით. ხშირად ამის გამო ჩნდება სიკვდილის სურვილიც. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.






 

ძველი მხატვრობა



ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა ხელოვნების ისტორია, როგორც თვით კაცობრიობის მატიანე. ხელოვნება ხომ უხსოვარი დროიდან არსებობს. იგი აღმოცენდა უფრო ადრე, ვიდრე მიწათმოქმედება, მეცნიერება, სახელმწიფო. ხელოვნება წარმოიშვა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ადამიანები ეწეოდნენ ველურ ცხოვრებას, იკვებებოდნენ ნანადირევის უმი ხორცით. იარაღის მაგივრობას მათ ქვა და ჯოხი უწევდა. თანდათანობით ქვის საგანგებო დამუშავება დაიწყეს. აძლევდნენ გარკვეულ ფორმას იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროებისათვის გამოიყენებდნენ მას, დაიწყეს შრომის, საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა საგანთა შექმნა, ზრუნავდნენ საკუთარ სამოსზე, საცხოვრებელზე და, ამასთან ერთად, ყველაფერში ამჟღავნებდნენ სწრაფვას მშვენიერებისა და სრულყოფილებისაკენ. სწორედ კაცობრიობის განვითარების ამ პერიოდს უკავშირდება ხელოვნების პრიმიტიული ნიმუშების შექმნაც, რომლებშიც პირველყოფილი ადამიანები უმარტივესად, შეძლებისდაგვარად გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს, განცდებს, დამოკიდებულებას გარესინამდვილისადმი, იქნებოდა ეს მამონტის ეშვზე ამოკაწრული თუ გამოქვაბულის კედლებზე მოხატული ნადირობის სცენები, პატარა სკულპტურული გამოსახულებები, სასმისები, სამკაულები ბევრისმთქმელი მოხატულობებით და ა.შ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ხატავდნენ საღებავებით, რომელთაც საუკუნეთა ქარტეხილებს გაუძლეს და რომელთა შემადგენლობაც დღემდე უცნობია. რა ძალა ამოქმედებდა ადამიანს? რა თქმა უნდა, შინაგანად განცდილის გარეგანსახიერების ბუნებრივი _ შემოქმედებითი იმპულსი.





XIX საუკუნეში ფარდა აეხადა ხელოვნების ისტორიის იდუმალებით მოცულ მრავალ საოცრებას.

სუტუოლას მიერ აღმოჩენილ იქნა ესპანეთის უზარმაზარი გამოქვაბულის ალტამირას მოხატულობა.

1940 წელს საფრანგეთში მდებარე ლასკოს გამოქვაბულის ფერწერამ განაცვიფრა როგორც მეცნიერები, ისე საზოგადოება _ მათ თვალწინ გადაიშალა ყველაზე სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოები, რაც კი პალეოლითის ხანაში შექმნილა.





მეცნიერები გააოცა გამოსახულებათა სიუხვემ, შესრულების მანერამ, დინამიკამ, სიზუსტემ. პირველყოფილი ადამიანი ცდილობდა ბევრი რამის ახსნას, თავისებურად აკვირდებოდა ბუნებას, ხატავდა...პირველყოფილი ადამიანის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, აღმოჩენილი იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ციმბირში, აფრიკაში და სხვაგან, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელოვნება თან სდევდა ადამიანს მისი არსებობის პირველივე ნაბიჯებიდან. საოცარია, რომ ამ დროს ადამიანს თვალი და ხელი ისე ჰქონდა გაწაფული, დაკვირვებულ და დაოსტატებულ მხატვარსაც კი შეშურდებოდა.პირველყოფილი მხატვარი ოსტატურად ხმარობდა ბუნებრივ საღებავებს: მინერალურ საღებავს ურევდა წყალში, უმატებდა ცხოველის ცხიმსა და მცენარის წვენს. ეს საღებავი მღვიმის ნახატებს განსაკუთრებულ სინათლეს ანიჭებდა. ფერადი თიხა, ნახშირი _ მხატვრის ძირითადი ფერადოვანი მასალა იყო.ხატავდნენ ხის ქერქებსა თუ ტყავზე და ეს იყო შეტყობინების ერთ-ერთი ხერხი. თანდათანობით ასეთი ნახატების რიცხვი იზრდებოდა, იხვეწებოდა კიდეც და საკმაო ხნის შემდეგ დამწერლობად ჩამოყალიბდა. ამგვარად, ნახატის მეშვეობით კაცობრიობა თავის არსებობის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენამდე მივიდა, ადამიანმა ჯერ ხატვა ისწავლა, შემდეგ კი დამწერლობას დაეუფლა.


ძველი ქართველი მხატვრები


ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971)
   ბიოგრაფიული ცნობები :

1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922-1927). 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
      ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
    გარდაიცვალა 1975 წლის 30 დეკემბერს .





ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეარი (1966), პროფესორი.







ბიოგრაფიული ცნობები :

       დაიბადა თბილისში 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ზეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
       გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.
      გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.
გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.





ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.





    ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.


ალექსანდრე ბანძელაძე (დ. 27 თებერვალი, 1927, ქ. ტულუნი, ირკურტსკის ოლქი ― გ. 13 ივნისი, 1992, თბილისი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).

ბიოგრაფია


1942-1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრები: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952) და ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი" (16 ფურცელი, 1957 წელს მიიღო საკავშირო აკადემიის ვერცხლის მედალი), რ. კიპლინგის - "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვა. "არსენას ლექსი" (ტუში, 1964, წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში). ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993, სიკვდილის შემდეგ).







გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი (დ. 9 ნოემბერი/21 ნოემბერი, 1862, თბილისი ― გ. 28 ოქტომბერი, 1936, ციხისძირი, ქობულეთის რაიონი, აჭარა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბიოგრაფიული ცნობები :

1882-1883 სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფ. რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 - მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888-იდან. 1891 თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.




    
     გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილ. ჭავჭავაძე, 1907-1908; ა. წერეთელი, 1913; გრ. ორბელიანი, 1913; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის კავშირის სახლი; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები ("უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი", ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი გენერალი", 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები ("მძინარე ხევსური", 1898; "მთვრალი ხევსური", 1899; "მთვრალი ხევსურები", 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი მოქალაქე", 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).
      გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.
     გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1897 თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში (1901-იდან დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).
გაბაშვილის რეალისტურ, დემოკრატიულ ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურულ მემკვიდრეობაში.


კედლის მხატვრობა


კედლის მხატვრობა, კედელზე მიმაგრებულ ტილოზე ან ქაღალდზე, ანდა უშუალოდ ბათქაშზე საღებავით დახატული სურათები და ორნამენტები. კედლის მხატვრობა შეიძლება შესრულდეს ფრესკის, წებოვანი ფერწერის, ტემპერის, ცვილოვანი ფერწერის, ზეთის ფერწერის ტექნიკის საშუალებით. XIX საუკუნიდან გავრცელდა აგრეთვე სილიკატური ფერწერა. ზოგჯერ კედლის მხატვრობას პირობითად მიაკუთვნებენ მოზაიკას.
   





ძველი კედლის მხატვრობა   
    
     კედლის მხატვრობის პირველი ნიმუში საფრანგეთში, შოვეს გამოქვაბულში აღმოაჩინეს(ძვ.წ-აღ.III ათასწლ.); ასევე უძველესია ალტამირას მღვიმის (ესპ. Altamira — მაღალი ხედი) კედლის მხატვრობა, რომელიც ზემო პალეოლითით თარიღდება. ეს უძველესი ნახატები ისტორიას ასახავს, მნიშვნელოვან ამბებს გვიზიარებს, გვასწავლის და გვართობს. 







    კედლის მხატვრობა საქართველოში

საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელის (864) და თელოვნის ტაძრის (VIII-IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები, დოდოს მონასტრის (დავითგარეჯა) ეკლესიის აფსიდში და მთავარანგელოზების გამოსახულება (IX ს.). IX-X საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სვანეთის სოფ. ნესგუნში. კედლის მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X საუკუნის დასასრული - XII საუკუნეების შუა წლები. X-XI საუკუნეების მიჯნაზე ადრეული პერიოდის ლაკონიური დეკორი, რომელიც მხოლოდ ტაძრის მთავარ ნაწილებს გამოყოფდა, შეიცვალა ვრცელი მოხატულობით. კედლის მხატვრობა სიუჟეტურადაც გამდიდრდა - ტრადიციულის გარდა, ხშირად ქტიტორთა და ადგილობრივი წმინდანთა გამოსახულებები. ამ პერიოდიდან კედლის მხატვრობის რამდენიმე რეგიონალური სკოლაა ცნობილი. X-Xი საუკუნეებში ტაო-კლარკეთში შეიძმნა კედლის მხატვრობის ნიმუში. ამათგან აღსანიშნავია ოთხთა ეკლესიის (X საუკუნის დასასრული), ოშკის (1036), იშხნის, ხახულის, ტბეთის (ყველა XI საუკუნის დასასწისი) და სხვა მოხატულობა. ამავე სკოლის ოსტატთა მიერ უნდა იყოს შესრულებული კუმურდოს და მანგლისის (XI საუკუნის 10-20-იანი წლები) კედლის მხატვრობა კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავითგარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (XI ს.). კედლის მხატვრობის თავისებური სკოლები ჩამოყალიბდა აგრეთვე სვანეთსა დარაჭაში.


წყაროები: 


 


1 comment:

  1. მომწონს თქვენი ბლოგი...წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete