მითოლოგია

მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) — მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში. ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება.ძველი ბერძნები მითიურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
ქართული მითოლოგია — ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინდივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.
ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.
ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.
ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.
ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვ.
მნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.
ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.
მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძე რას გადასცა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.
ინდუსთა ღმერთების მითოლოგია — ერთ–ერთი უმდიდრესი მითოლოგია მსოფლიოში. რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა. შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული. ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნისბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.
სკანდინავიური მითოლოგია — ჩრდილო-გერმანულენოვანი ტომების (ნორმანების, დანების, ანგლების, საქსების) მითოლოგია, რომელიც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მიღებამდე, დაწყებული ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან. მის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროა პოეტური „უფროსი ედას” და ს.სტურლუსონის პროზაული „ედას” ტექსტები. თითქმის იმავე პერიოდს მიეკუთვნება დანიელი ქრონოლოგის საქსონ გრამატიკის მითოლოგიური სიუჟეტები.
თავდაპირველად მხოლოდ უფრსკული გინუნგაგალი იყო. მისგან ჩრდილოეთით ნისლთა სამეფო ნიფლჰეიმი, ხოლო სამხრეთით ცეცხლის სამეფო - მუსპელჰეიმიმდებარეობდა. ნილსთა სამეფოში გელგერმირმა წყარო შექმნა,რომლისგანაც თორმეტი ძლიერი ნაკადი (ელივაგარი) წარმოიშვა. წყალი ნიფლჰეიმში ყინულად იქცეოდა, მაგრამ წყარო მაინც აგრძელებდა წყლის ნაკადს და გაყინული ლოდები მუსპელჰეიმისკენ მიედინებოდნენ. ბოლოს ყინულოვანი ლოდები ისე ახლოს მივიდნენ, რომ გადნობა იწყეს. გამდნარი ყინულების ნაპერწკლებიდან წარმოიშვა გიგანტი იმირი. მოგვიანებით, მარილიანი ყინულიდან გაჩნდა ძლიერი გიგანტი ბური. მისმა შვილმა, ბიორმა ცოლად დევქალა ბესლა შეირთო. მათ გაუჩნდათ სამი შვილი-ასები : ოდინი, ვილი და ვე. ძმებს არ მოეწონათ ბოროტი იმირის მბრძანებლობა და მოკლეს იგი, ხოლო მისი სხეულისგან შექმნეს მიდგარდი. მიდგარდისგან აღმოსავლეთით, ასებმა იოტუნჰეიმი შექმნეს და სამფლობელოდ ბელგელმირს და მის შთამომავლობას გადასცეს . დროთაგანმავლობაში ასები მომრავლდნენ და მიწიდან მაღალზე აიშენეს ქვეყანა და მას ასგარდი დაარქვეს.
სამყაროს შექმნის შემდეგ, ოდინმა და მისმა ძმებმა მისი დასახლება გადაწყვიტეს. ზღვის პირას იპოვეს ხეები: თხმელა და იფანი. თხმელისგან კაცი, ხოლო იფნისგან ქალი შექმნეს. მერე ოდინმა მათ სული მისცა, ვილიმ გონება, ვემ კი სისხლი და გრძნობა. ასე გაჩნდნენ პირველი ადამიანები. კაცს ერქვა ასკი (Frêne), ქალს - ემბლა (Orme). ისინი ერთად იქნებიან ქვეყნის დასაბამიდან ცხრა სამყაროს შექმნამდე და კაცობრიობას გაამრავლებენ. ადამიანთა და ღმერთთა სამყაროს საზღვარი (ბიფროსტი) ცისარტყელის ფორმით წარმოიდგინება. ბიფროსტს ჰეიმდალი იცავს.
ინკების მითოლოგია უამრავ ისეთ ამბავსა და ლეგენდას შეიცავს, რომელიც მათი რელიგიური მრწამსის ახსნის საშუალებას იძლევა. კათოლიკე მისიონერმა მღვდლებმა, რომლებიც ინკების მიწაზე ფრანსისკო პისაროს მიერ მათი იმპერიის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ, ინკების კულტურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად დაწვეს. ამჟამად არსებული თეორიის თანახმად, რომელიც წამოაყენა მეცნიერმა გარი არტონმა, ინკების დამწერლობის სისტემას წარმოადგენდა კიპუ, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დღესდღეობით ინკებზე არსებული ყველა ინფორმაცია ეყრდნობა კათოლიკე მღვდლების ჩანაწერებს, რომლებიც საკუთარი თვალებით ხედავდნენ მათ წეს-ჩვეულებებს ან მათ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ნახატები ეუბნებოდნენ ბევრ რამეს ამის შესახებ. უამრავმა მითმა და ლეგენდამ კი დღემდე მოაღწია გადარჩენილ ინკებში. ძალზედ ბევრი, ერთმანეთში არეული ლეგენდა არებობს მანკო კაპაკის — ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ, განსაკუთრებით რაც შეეხება მის დაბადებას და კუსკოს სამეფოს დაარსებას. ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე, მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთ ინტის ვაჟი, რომელიც იშვა ტიტიკაკას ტბის სიღრმეში.
ასევე უამრავი მითი არსებობს მანკო კაპაკის ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მანკო კაპაკი და მისს ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ ინტის შვილები. ამავე მითს თუ დავუჯერებთ, მანკო კაპაკი და მისი და-ძმები მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე: ერთ დღეს, ისინი პაკარიტამბოს გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხებით (ინკა იუარი) ხელში მოევლინნენ სამყაროს. მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულებით, ისინი გაემგზავრნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტის ტაძარი.
მეორე ვერსიის თანახმად, მანკო კაპაკი და მისი ძმები იშვნენ ტიტიკაკას წყლის სიღრმეებში. ერთი მითის მიხედვით, მანკო კაპაკი იყო ღმერთ ვირაკოჩას ძე. ის და მისი და-ძმები (აიარ ანკა, აიარ კაში, აიარ უჩუ, მამა ოკლო, მამა უაკო, მამა რაუა), ცხოვრობდნენ კუსკოსთან ახლოს, პაკარი-ტამპუში და ისინი მოგზაურობისას თავიანთ გარშემო იკრებდნენ სხვადასხვა ტომის ხალხს. ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს კუსკოს ხეობის ხალხების დაპყრობა. ამ ლეგენდის თანახმადაც, მანკო კაპაკს ჰქონდა ოქროს კვერთხი, რომელიც მამამისმა უბოძა. ეჭვიანობის ნიადაგზე, მანკო კაპაკმა მოღალატურად დახოცა უფროსი ძმები და გახდა კუსკოს ერთადერთი მმართველი
ჩინური მოთოლოგია აერთიანებს ძველი ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ მითებსა და ლეგენდებს. კლასიკაში, უძველეს ჩინურ წიგნსა და კონფუციურ სახელმძღვანელოებში ჩვენ ვნახულობთ მოთხრობს ადამიანებზე, მეფეებსა და დიდგვაროვნებზე, ჯარისკაცებსა და გლეხებზე (ასევე ბევრია დრაკონებსა და არაამქვეყნიურ სულებზე), მაგრამ არა ღმერთებზე, რაც ჩინურ მითოლოგიას გარკვეულწილად განასხვავებს სხვა მითოლოგიებისაგან.ისტორიის წიგნში“, მიუხედავად იმისა, რომ იგი სავარაუდოდ ნახევრად ლეგენდარულია, არაა ჩაწერილი შესაქმის ისტორიები და ის ძირითადად ეხება ადამიანის საქმიანობას. სახელგანთქმული „ცვლილებათა წიგნი“ სიმბოლურია, მაგრამ თხრობითი ფორმა არ გააჩნია და ტრადიციულად განმარტებულია, როგორც რეალურ მოვლენებთან დაკავშირებული. „სიმღერების წიგნი“ ძირითადად ეხება ხალხურ სიმღერებს, მაგრამ რიტუალურ საგალობლებში არის მითოლოგიის კვალი, კლასიკა გადაჭრით ანტიმითოლოგიურია, ასახავს კონფუცის მიმდევარი სწავლულების იდეალებს.
ადრეული დინასტიების დამაარსებლები ამტკიცებდნენ, რომ ჰქონდათ ზებუნებრივი ან ღვთაებრივი წარმომავლობა და ეს ყველაფერი კლასიკაში იყო დამოწმებული. მაგალითად სამეფო გვარის პირველი იმპერატორი, რომელმაც შანის დინასტია დააარსა, მაშინ ჩაისახა, როდესაც დედამისმა კვერცხი გადაყლაპა. ჯიანგ იუანი, ჰოუ-ჯის დედა, ჟოუს მბრძანებლის წინაპარი, დაორსულდა მაშინ, როცა მან ღმერთის ფეხის თითის ნაკვალევს უყურადღებოდ დააბიჯა. ასეთი ისტორიები სავარაუდოდ ასახავს კიდევ უფრო ადრინდელ მითებს, რომლებიც შეიძლება ოფიციალური ლიტერატურის სტრიქონებს შორის დავინახოთ. თანამედროვე ჩინეთის ტომებში (ე.წ. ეროვნული უმცირესობები) შეგროვებული მითები სავარაუდოდ ასახავს სხვადასხვა ხალხის ტრადიციას, რომლისგანაც განვითარდა ჰანი, ანუ ჩრდილოეთ ჩინეთში არსებული ძირითადი ჩინური ჯგუფები. ისინი სავსეა შესაქმის ამბებითა გამოჩენილ მითოლოგიურ გმირთა პერსონებით.ჩანაწერები ცხადყოფს, რომ უძველეს ჩინელებს ჰყავდათ გაისტორიებული მითიური პერსონები. განსხვავებით ძველი ბერძნებისგან, რომლებიც ევჰემეროსის (დაახლ. ძვ. წ. 300 წ.) თანახმად, კაცებს ღმერთებად აქცევდნენ, უძველესი ჩინელები ღმერთებს აქცევდნენ კაცებად. კონფუცის მიმდევარ, ტრადიციების შემნახველ სწავლულებს აინტერესებდათ საზოგადოება, ხელისუფლება და ზნეობრივი მოძღვრება. ამ სწავლულებს ისტორია უფრო უკეთ ემსახურებოდა ამ სფეროებში, ვიდრე - მითოლოგიური ცნებები.
ყველაზე ადრეული ჩანაწერები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია უძველესი ჩინეთიდან, არის სამარჩიელო ძვლების მოკლე წარწერები ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან და ისინი გვიჩვენებს უამრავ არსებას, რომლებსაც მსხვერპლს სწირავდნენ. ძალიან მცირე რამ არის ცნობილი თითოეულ მათგანზე. ისინი ძლევამოსილებად მიიჩნეოდნენ და მათი სახელები გვიჩვენებს, რომ აღმოცენდნენ ბუნების მითებიდან, თუმცა მათი ისტორიები სამუდამოდ დაკარგულია. როგორც დერკ ბოდე, ჩინური მითებისა და რიტუალების ავტორიტეტული მცოდნე ამბობს, უძველეს ჩინეთში, რა თქმა უნდა, იყო მითები, მაგრამ არა ერთიანი მითოლოგია. დაოისტური ტრადიციის ადრეული ჩანაწერები - დაო დე ჯინგი და ჟუანგზი, შეიცავს ცნობებს მისტიკურ პერსონებზე, რომლებიც, შესაძლოა მომდინარეობდნენ ტრადიციული მითოლოგიიდან. მათი სახელები გვარწმუნებს, რომ ისინი ალეგორიული ან სიმბოლური ფიგურები. მაგალითისთვის, ჟუანგზიში არის ამბავი ქაოსზე, რომლის მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას მის სხეულში ხვრელების გაკეთებით, რათა შეძლებოდა სუნთქვა, ხედვა, სმენა და ჭამა და მას ძალიან მოაბეზრეს თავი. ეს მოთხრობები თავის დანიშნულებას კარგად ასრულებდა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ცნობიერ ლიტერატურულ ნაწარმოებს წარმოადგენდა და არა მითების სიუჟეტებს, რომლებიც ჩინური ტრადიციების უფრო ღრმა, არაცნობიერი და დამწერლობამდელი წყაროებიდან მომდინარეობს.დაახლოებით ჩვ. წ. Iსაუკუნეში ინდური რელიგიის, ბუდიზმის, ჩინეთში შეღწევამ ჩინური მითოლოგიის ტრანსფორმაცია მოახდინა. ბუდასა და ინდური ღმერთების სიცოცხლისა და ბუდას წინა სიცოცხლის ამბები, საოცარი მოვლენები, რომლებიც ბუდისტურ სუტრებში გვხვდება, ჩინურად ითარგმნა და ბაზრის მთხრობელების რეპერტუარი გახდა. მათ გავლენა მოახდინეს პოპულარულ მითოლოგიაზე, ხალხურ რელიგიურ სწავლებაზე და ჩამოაყალიბეს დაოისტური რელიგია, რომელმაც ძველი ჩინური ტრადიციები განავითარა და მათი სისტემატიზაცია მოახდინა. მათ ასევე მოიტანეს ახალი ინტერესები თავდაპირველ წარმოშობაში, კოსმოგონიაში (საიდან მვიდა ჩვენთვის ცნობილი სამყარო) და კოსმოლოგიაში (როგორია სამყარო). ჩინურ ხალხურ რელოგაში ძალიან ძნელია გარკვევა, რომელი მოდის კონფუციანიზმის, დაოიზმისა და ბუდიზმის ტრადციებიდან და რომელი - ადგილობრივი, უძველესი წყაროებიდან. ყველა სოფელსა თუ მიდამოს გააჩნია საკუთარი „ადგილის ღმერთი“ (ტუდიგონგ) და მათი სალოცავები გვხვდება ქუჩებსა და ტაძრებში მთლ ჩინურ დიასპორაში, ხოლო ახლა უკვე სახალხო რესპუბლიკაშიც. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მოთხრობა და მითი. მაგრამ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალაქის ღმერთების შემთხვევაში, ხშირად გვხვდება, რომ ესენი არიან გაღმერთებული ადამიანები, სამართლიანი მოხელეები, გენერლები და წარსულის გირები. ჩინურ ღმერთებს აქვთ დაბადების დღეები, ჰყავთ ცოლები, შვილები და მოხელეები, რომლებიც მათ ემსახურებიან. ისევე, როგორც ყველა საზოგადოებაში, ჩინური მითბი ახლო კავშირშია რიტუალებთან და დღესასწაულებთან. არსებობს მითები და ლეგენდები, რომლებიც დაკავშირებულია ახალ წელთან, გაზაფხულის მოსვლასთან, მოსავლის აღების დროსთან, ნეფრიტის იმპერატორის დაბადების დღეებთან, კონფუცისთან, ბუდასთან და ლაო-ძისთან, ფარნების დღესასწაულთან, დრაკონის ნავის დღესასწაულთან და „მშიერი მოჩვენების დღესასწაულთან“.ძვ. წ. IV საუკუნის დაოისტურ ტექსტებს მიაწერენ ჟუანგ ჟოუს ანუ მასწავლებელ ჟუანგს (ჟუანგზი). ისინი მოგვითხრობს მუდმივად ცვალებადი სამყაროს შესახებ. ჩრდილოეთ უფსკრულში არის თევზი, სახელად კუნი. ის გიგანტურია და არავინ იცის, რამდენ ათას ლიზეა (მითიური საზომის ერთეული) გადაჭიმული. ის ფერიცვალებას განიცდის და იქცევა ჩიტად, სახელად პენგი, რომელსაც იმდენად დიდი ზურგი აქვს, რომ არავინ იცის რამდენი ათასი ლის სიგანისაა. პენგი ჰაერში ხტება და მიფრინავს, მისი ფრთები ზეცაში მოლივლივე ღრუბლების მზგავსია. ეს ჩიტი ტალღების თავზე ლივლივებს და მიემართება ზეციური აუზისაკენ. ეს შეიძლება იყოს ჟუანგის ექსტრაორდინალური წარმოსახვის შედეგი, მაგრამ ისე იკითხება, როგორც კოსმოლოგიური მითი. ჩვ. წ. პირველი საუკუნიდან დაოიზმი გახდა ორგანიზებული რელიგია, ქურუმებით, დისციპლინური და მორალური კანონებით, რიტუალებით და მონანიების ადათ-ჩვევებით. მან სწრაფად განავითრა ღმერთებისა და ქალღმერთების პანთეონი. ყველაზე მაღლ საფეხურზე იდგა სამება, რომელშიც შედიოდა: პირველადი საწყისი ზეციური სიწმინდე, ნეფრიტის იმპერატორი და მაღლა ზეცაში მცხოვრები მბრძანებელი ლაო, რომელიც სხვა არა იყო, თუ არა ლაო-ძი, სავარაუდოდ, ავტორი წიგნისა „წიგნი გზისა და სათნოებისა“. ეს პერსონები და უამრავი სულიერი არსება აღწერილია დიდი რაოდენობის წმინდა წერილებში, რომლებიც ბოლო დროსაა გამოკვლეული. დაოისტური ტრადიციის გასაოცარი მახასიათებელია მდედრობით სქესზე ხაზგასმით აღნიშვნა, რომელიც ლაოძიდან იღებს სათავეს. „წიგნი გზისა და სათნოებისა“ ყველაფრის დასაბამს აღწერს, როგორც „იდუმალი ქალის ჭიშკარს“
ეს ასახულია ერთი კულტის რევოლუციაში რაც ფართოვდება მითოლოგიით დასავლეთის დედა-დედოფლის შესახებ. იგი დასავლეთში საოცრად მაღალ მთაზე ცხოვრობდა და უკვდავების ცოდნის საიდუმლოს ფლობდა. დასავლეთის დედა-დედოფლის სასახლეს ჰქონდა ცხრა სართული და მთლიანად ნეფრიტისგან იყო აშენებული. სასახლის გარშემო განსაცვიფრებელი ბაღებია, სადაც უკვდავების ატმის ხე იზრდება. ამბობენ, რომ აქ ცხოვრობენ უკვდავები და დაუსრულებენ წვეულებებსა და გართობაში არიან. დაოიზმმა ასევე განავითრა რვა უკვდავის მითოლოგია და იკონოგრაფია, რაც გახდა ჩინური რელიგიის განუყოფელი ნაწილი. დაოისტებს სჯერათ, რომ ადამიანებს შეუძლიათ უკვდავები (ქსაინ) გახდნენ სპეციალური წვრთნის შედეგად და მრავალ ამ უკვდავთაგანს სცემდნენ თაყვანს.ჩინური ბუდიზმი აგრძელებდაისტორიული სიდჰართას მითიურ ბუდად გამითოლოგების პროცესს, რაც ინდოეთში დაიწყო. უძველესი ჩინური ჩანაწერები ხაზგასმით აღნიშნავს მისი სიცოცხლის სასწაულმოქმედ მოლენებს ინდოეთში, ჩინეთისგან შორს, სადაც ბუდიზმზე არაფერი იცოდნენ ვიდრე ხუთი-ექვსი საუკუნე არ გაივლიდა. მაგალითად, მისი დაბადების ჟამს ამბობენ, რომ ჩინური მდიარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, მთები დაინგრა და მეტეორები გამოჩნდა. იმ დროს იმპერატორმა სწავლულები მოიწვია რჩევისთვის და მათაც მოუთხრეს დიადი ბრძენის შესახებ, რომელიც ჩრდილოეთში დაიბადა. დაოისტებს სხვა ვერსია ჰქონდათ, რომ ბუდა ნამდვილად ლაო-ძი იყო, რომელიც მოხუცებულობისას დასავლეთშ გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც თავისი ნაშრომი - „წიგნი გზისა და სათნოებისა“ დაამთავრა (დასავლეთი უძველესი ჩინეთისთვის ინდოეთი იყო და არა ევროპა).
ყველაზე საინტერესო ჩინური ბუდისტური მითები გუან იინს - საქვეყნოდ ცნობილ მდედრობითი სქესის ღვთაებას ეხება. ისტორიკოსებმა გუან იინის ევოლუციას მიაკვლიეს ინდურ მამრობითი სქესის ბოდჰისატვა ავალოკიტესვარაში, ჩინური ნაყოფიერების ფიგურების გავლენით. სერიოზულად მოაზროვნე ბუდისტებმა გადაარჩინეს მისი (ქალის) ძალაუფლება იმ განცხადებით, რომ ბოდჰისატვას შეუძლია საკუთარი ნებისამებრ შეიცვალოს ფორმა ან სქესი. ერთი მოთხრობა მოგვითხრობს თუ როგორ აღმოაჩენს, რომ კაცები სერიოზულად არ აღიქვამენ მას ქალურობის გამო, მაშინ ის გადაიქცევა კაცად და შემდეგ ისევ საწყის ფორმას უბრუნდება, რათა აჩვენოს, რომ სულიერი ძალისთვის სქესობრივი განსხვავებები უმნიშვნელოა. თუმცაღა ჩინელი ქალები მის ქალურობაში ნახულობენ თანაგრძნობას, როცა სურთ იღბლიანი ქორწინება ან ვაჟების გაჩენა.
რომაელთა რელიგიური შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია ეტრუსკულმა რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა ბეძრული გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა ეგვიპტურმა რელიგიამაც იქონია.
ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახებით (მაგ. ფავნი და ფავნა) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. ვარონის ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის. რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესავური კავშირები და ქორწინებები.
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: იუპიტერი, მარსი და კვირინი. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. უპირველეს ყოვლისა სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”ინდიგიტამენტები” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია პონტიფიკების მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია I ათასწლეულის დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
ზოგ ავტორს მიაჩნია, რომ რომაელებს ჰქონდათ პრიმიტიული მითოლოგია, რომელიც დავიწყებას მიეცა და მას ჩაენაცვლა ბერძნული მითოლოგია. სავარაუდოდ, რომაული მითოლოგიის ფესვები უკავშირდება სხვა ინდოევროპულ მითოლოგიას. დიუმეზილის აზრით, რომაული მითოლოგიის თავისებურებაა, რომ კონფლიქტები ღმერთების სამყაროდან გმირებზეა გადმოტანილი (მაგ. ჰორაციუსების და კურიაციუსების ორთაბრძოლა, მუციუს სცევოლუსზე, რომელსაც იგი ადარებს სკანდინავიურ ფრეირს, ჰორაციუს კოკლესზე, რომელსაც ოდინს ადარებს).
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო იტალიის იმდროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი იანუსის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე მუხისგან, მითი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, იტალიკებისთვის და გალებისთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს სცემდნენ ასევე სხვა ხეებს და ტევრებს. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ პატივსაცემად ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება რომულუსი და რემუსი და მუხის ხე კაპიტოლიუმზე, რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
სავარაუდოდ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - კოდალაზე, არწივზე და მგელზე. მგელს ეძღვნებოდა ლუპერკალიუმი - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.
საყოველთაო ღმერთების გარდა რომაულ ოჯახებს ჰყავდათ გვარის მფარველი ღვთაებებიც. ისეთ ძველ გვარებს, როგორებიცაა ემილიუსები, კლავდიუსები, კორნელიუსები, ჰქონდათ საკუთარ ღვთაებებთან დაკავშირებული დღესასწაულები. გვარის კულტები ყალიბდებოდა ოჯახის კერის ქალღმერთ ვესტას კულტის გარშემო.
ღმერთების სამყარო ადამიანების სამყაროს მსგავსად იყო მოწყობილი. მათ ჰყავდათ მეფე - იუპიტერი, ყველაზე პატივცემულ ღმერთებს, სენატორთა მსგავსად ეწოდებოდათ patres, მათ ჰყავდათ მსახურები - famuli tivi და ვესტას ქალწულთა ანალოგიურად ღვთაებრივი ქალწულები - virgines divi. ღმერთები იყოფოდნენ ზეციურებზე, მიწიერებზე და ქვესკნელისაზე. თუმცა ზოგ ღმერთს სამივე განზომილებაში შეეძლო მოქმედება. ღმერთების, ადამიანების და მიცვალებულთა სამყაროები გამიჯნული იყო. მაგრამ ხალხი არ იწყებდა არცერთ მნიშვნელოვან საქმეს სანამ ფრინველების ფრენით, სამსხვერპლო ცხოველთა შიგნეულობით ან მეხის დაცემით არ გაიგებდნენ ღმერთების აზრს.
მტრების ღმერთებს სპეციალური ფორმულებით რომაელები თავის მხარეს იბირებდნენ. ამ გზით რომაულ პანთეონს შეემატნენ ბევრი იტალიკური ღმერთები. ითვლებოდა რომ მკვდრები ზემოქმედებენ ცოცხალთა სამყაროზე და შურისძიება შეუძლიათ. ამის გარდა საზოგადოების ფენებს და პროფესიებს თავისი ღმერთები ჰყავდათ. რომის ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ მთავარი ტაძარი, რომელიც რომის ძლიერებას ასახავდა იუპიტერ კაპიტოლიელის ტაძარი გახდა.
რომაული რელიგიის განვითარებაზე იმოქმედა საზოგადოების დემოკრატიზაციამ. უმაღლესი ავტორიტეტი ძვ. წ. I საუკუნისთვის იყო არა რელიგია, არამედ სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიზაციამ მოიტანა ის რომ რომაულ საზოგადოებაში არ იყო ქურუმული კასტა და მოქალაქეების ფენებად დაყოფას არაფერი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ მწამსთან. ამან გამოიწვია მტკიცე რელიგიური დოგმის არ ქონა. მოქალაქეობრივი ვალი იყო ღმერთების თაყვანისცემა, მაგრამ ამასთან არავის არ ეკრძალებოდა მათზე საკუთარი აზრის გამოთქმა. აზროვნების ასეთი თავისუფლება ასახულია ციცერონის ტრაქტატში ღმერთების ბუნების შესახებ და დივიაციის შესახებ. ეთიკა რელიგიით კი არა, არამედ საზოგადოების კეთიოლდღეობით განისაზღვრებოდა. რომაელებს სძულდათ ერთპიროვნული მართველობა, რამაც გამოიწვია მეფეების და გმირების კულტის არ არსებობა. მეორე მხრივ გაუთავებელი ომები, რომლებსაც რომი აწარმოებდა, საჭიროებდა იდეოლოგიურ საფუძველს. ამან გამოიწვია რომზე მითის ჩამოყალიბება, რომ მას ღმერთების მიერ ნაბოძები აქვს სამყაროში გაბატონება, ხოლო რომაელ ხალხზე, როგორც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულებზე. ასევე აღსანიშნავია იმ გმირთა განდიდება, ვინც სჩადიოდა გმირობებს არა პირადი დიდებისთვის, არამედ რომის განსადიდებლად.
მითები იქმნებოდა რომაელ მეფეებზე და მეფობის პერიოდის გმირებზე, შემდეგ კი რესპუბლიკის ადრეულ მოღვაწეებზე. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეფეები მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ხოლო ზოგი კი მათ რეალურ პიროვნებებად მიიჩნევს. როგორც წესი ყველა ეს მითი რომის განდიდებისკენ იყო მიმართული.
იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.

გამოყენებული ლიტერატურა : https://ka.wikipedia.org/


No comments:

Post a Comment