სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დაწყებით საფეხურზე
I კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის, მასალისა და ტექნიკის გამოყენება ნამუშევარში.
· ქმნის ნამუშევრებს შთაბეჭდილებებით და წარმოსახვით;
· იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სწორს, ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, ზიგზაგს, ჰორიზონტალურს, ვერტიკალურს, მრუდეს, დიაგონალურს);
· იყენებს სხვადასხვა ფერს;
· იყენებს ხატვის, აპლიკაციის, კოლაჟის, ანაბეჭდისა და მოზაიკის ტექნიკას და სხვ;
· იყენებს თიხას და პლასტილინს მცირე პლასტიკის ნიმუშების შესაქმნელად;
· იყენებს ხელოვნურ და ბუნებრივ მასალას;
· იღებს სხვადასხვა ფაქტურას (ხელებით, თითებით, ფოთლებით, ღრუბლით და სხვ.);
· კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ხატავს/გამოსახავს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, მარტივ ფორმებს, ფიგურებს, იყენებს სხვადასხვა ფერს.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
· მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
ს.გ.I.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ინდივიდუალური ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს, რისი ასახვა სურდა;
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
· ჩამოთვლის ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.) და იხსენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სად და რა სახით შეხვედრია;
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები:
აქტივობები ხაზით:
მოსწავლე აკვირდება ბუნებაში არსებულ ხაზებს (მაგ., მთა, სახურავი - დახრილი, ზიგზაგი ხაზები, ზღვის ტალღა - კლაკნილი, ვერტიკალური - ხის ტანი, ღობე და სხვ.) და იყენებს გამოსახულების შესაქმნელად.
ფერი: სხვადასხვა ფერი.
აქტივობები ფერით:
მოსწავლე იყენებს სხვადასხვა ფერს, ასევე მათი შერევით მიღებულ ფერებს ნამუშევრის შესაქმნელად, ჩანაფიქრისა და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად. მოსწავლე თამაშობს ფერებით.
ფორმა: მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული (მაგ., ღრუბელი და სხვ.).
აქტივობები ფორმით:
მოსწავლე ამოიცნობს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ და ბუნებაში არსებულ ფორმებს (მაგ., წრეს, ოთხკუთხედს საკლასო ოთახში, ქუჩაში და ბუნებაში არსებულს, მაგ., ყვავილს, ღრუბელს, ხეს და სხვ.); ამ ფორმებს იყენებს ნამუშევარში გამოსახულების შესაქმნელად (მაგ., წრის, ოთხკუთხედისა და სამკუთხედებისაგან ქმნის რაიმე ცხოველის ან სხვა მარტივ გამოსახულებას).
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), ფლომასტერი, გუაში, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა (ფოთოლი, გირჩა, მარცვლეული, ნიჟარა, მძივები, ლენტები და სხვ.); ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა;
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
აქტივობების დროს მოსწავლე იყენებს მრავალფეროვან მასალას, იარაღს, ტექნიკას. ეცნობა მასალის და ტექნიკის შესაძლებლობებს და იღებს სხვადასხვა ფაქტურას: ხატავს ფუნჯებით, თითებით, ღრუბლით, ატარებს ექსპერიმენტებს არატრადიციული იარაღით და მასალით. აკეთებს მარტივ ანაბეჭდებს (მაგ., ფოთლებს).
სავარაუდო თემები: „წელიწადის დროები“, ,,ფერთა სამეფო”, „სკოლა“, “მხიარული მატარებელი”, “ახალი წელი”, “წყალქვეშა სამყარო”, “ჩემი ქალაქი/სოფელი”, ,,ჩემი ოჯახი“, ,,ჩემი დაბადების დღე“, „მე და ჩემი მეგობრები“, „ჩემი საყვარელი ცხოველი“ და სხვ.
II კლასი
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს, ტალღოვანს, ტეხილს, წყვეტილს, ზიგზაგს, მრუდეს, კონტურს);
· იყენებს ძირითად და შედგენილ ფერებს;
· ქმნის და იყენებს ორ (2D) და სამგანზომილებიან (3D) ფორმებს (გეომეტრიულს და ბუნებაში არსებულს);
· შერეული მასალითა (ბუნებრივი და ხელოვნური) და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევარს (აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა და სხვა);
· სხვადასხვა მასალით ამზადებს ნივთებს, კონსტრუქციებს, სათამაშოებს და სხვა;
· კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ხატავს/გამოსახავს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურს, მარტივ (ორგანზომილებიან) ფორმებს, რიტმულ გამოსახულებებს, იყენებს სხვადასხვა ფერს.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.II.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობა.
· მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს;
ს.გ.II.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრების შესახებ ელემენტარული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
· ინდივიდუალური ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს და ხსნის, რისი ასახვა სურდა;
· უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ შთაბეჭდილებებს სხვისი ნამუშევრის შესახებ;
· საუბრისას იყენებს ელემენტარულ ტერმინებს (ხაზი, ფერი, ფორმა);
· უსმენს და აცდის სხვებს აზრის გამოთქმას;
· უფრთხილდება (არ აზიანებს) საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
· ჩამოთვლის ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.), იხსენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სად და რა სახით შეხვედრია, საუბრობს საკუთარ შთაბეჭდილებაზე;
· საუბრობს ხელოვნების დარგებზე იმის მიხედვით, თუ რომელ გრძნობის ორგანოებზე მოქმედებენ ისინი;
· საუბრობს სხვადასხვა დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებზე (კომპოზიტორი, მხატვარი და ა.შ.);
· ასახელებს არქიტექტურულ ძეგლებსა და ქანდაკებებს, რომელიც უნახავს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას (რომელი მოსწონს და რატომ);
· საუბრობს საოპერო, საბალეტო, თეატრალურ წარმოდგენებზე, სამხატვრო გალერეაში ან მუზეუმში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე და ახალ ინფორმაციაზე;
· საუბრობს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მისთვის ნაცნობ საყვარელ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებზე, ელექტრონულ საგანმანათლებლო თამაშებზე, ილუსტრირებულ წიგნებზე და საუბრობს, რატომ მოსწონს ესა თუ ის ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი, გმირი, მუსიკა/სიმღერა, ილუსტრაცია;
· ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშებში ნაცნობ სიუჟეტებს, სცენებს, საგნებს და მოვლენებს, საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე და მიღებულ შთაბეჭდილებაზე.
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები
ხაზი: სქელი, წვრილი, სწორი, ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი, ზიგზაგი, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, მრუდი, დიაგონალური, განსხვავებული სისქის კონტური.
აქტივობები ხაზით:
მოსწავლე იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს გამოსახულების შესაქმნელად, ჩანაფიქრის და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად. აკვირდება ხაზებს - „ბუნებაში არსებულს“ და ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებში (მაგ., დაფა, მერხი, ფანჯარა და ა. შ. - ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დიაგონალური ხაზი და ა.შ.) და იყენებს გამოსახულების შესაქმნელად. სხვადასხვა ტიპის ხაზის განმეორებით ქმნის რიტმულ გამოსახულებებს.
ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცისარტყელას ფერები.
მოსწავლე ჩანაფიქრის გადმოსაცემად იყენებს ძირითად (წითელი, ყვითელი, ლურჯი) და მათი შერევით მიღებულ შედგენილ ფერებს (მწვანე, ნარინჯისფერი, იისფერი), გარემოში ამოიცნობს და იყენებს ცისარტყელას ფერებს. აკვირდება და შეარჩევს ასახული ობიექტის ფერს, გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს და სხვა.
ფორმა: მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, მაგ., ღრუბელი, ყვავილი და ა. შ., ბრტყელი და მოცულობითი - 2D და 3D.
მოსწავლე მისთვის ნაცნობ გარემოში (საკლასო ოთახში, ქუჩაში თუ ბუნებაში) ამოიცნობს გეომეტრიულ (მაგ., წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს) და ბუნებრივ (მაგ., ყვავილი, ღრუბელი, ხე და სხვა) ფორმებს. ამ ფორმებს იყენებს ნამუშევარში გამოსახულების შესაქმნელად (მაგ., წრის, ოთხკუთხედი, სამკუთხედი ფიგურის, ორნამენტების და სხვა). ორ და სამგანზომილებიან - ბრტყელ და მოცულობით ფორმებს იყენებს მარტივი კონსტრუქციების შესაქმნელად (მაგ., მის მიერ გამოძერწილი სხვადასხვა ზომის ოთხკუთხედის, წრის, სამკუთხედისაგან ქმნის თოვლის ბაბუის, ჯამბაზის, სახლის და სხვა გამოსახულებებს; სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოლოფებისაგან ქმნის ნაგებობებს). ასახავს გარემოში არსებული ობიექტის ფორმას ნამუშევარში (მაგ., პეპელა, ჩიტი, სოკო და სხვა).
პრინციპები: რიტმი.
გამოყენებული პრინციპი:
მოსწავლე ქმნის რიტმულ გამოსახულებებს სხვადასხვა ტიპის ხაზის, სხვადასხვა ფერისა და ფორმის განმეორებით ან მათი კომბინაციით.
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ფლომასტერი, გუაში, ნახშირი, სანგინა, ფერადი ცარცები, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, ფუნჯები, დაჭმუჭნული ქაღალდები, ლითონის, მუყაოს, პლასტმასის კოლოფები, გირჩა, ტოტი, ხის ქერქი, ფოთოლი, მარცვლეული, ნიჟარა, მძივები, ლენტები, მაკრატელი, წებო და სხვა
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
აქტივობების დროს მოსწავლე იყენებს მრავალფეროვან მასალას, იარაღს, ტექნიკას და პროცედურას; მასალისა და ტექნიკის შესაძლებლობების ძიება/აღმოჩენაში მოსწავლე მარტივი ექსპერიმენტებით განიმტკიცებს და იღრმავებს მიღებულ ცოდნას და გამომუშავებულ უნარებს. სხვადასხვა მასალისა და ხერხის გამოყენებით იღებს მრავალფეროვან ფაქტურას (ქსოვილით, ფუნჯის ტარით, სავარცხლით და სხვ.) აკეთებს ანაბეჭდს (მაგ., მუყაოსგან/პენოპლასტისგან ამოჭრილი სხვადასხვა ფორმის ან გამოსახულებების, კარტოფილის ან ლიმონის გამოყენებით);
სავარაუდო თემები: “ზაფხულის არდადეგები”, “მეგობრობა”, “სოფელი შემოდგომაზე”, “შემოდგომის ნატურმორტი”, “ახალი წლის ღამე”, “ზამთრის პეიზაჟი”, “შობა”, “აღდგომა”, “ბუნება გაზაფხულზე”, “ცირკში”, “ზოოპარკში”, “ჩემი ეზო”, “ჩემი ქალაქის მოედანი”, “ფანტასტიკური ქალაქი”, “საყვარელი გმირი”, თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით და სხვა.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი ჩანაფიქრის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.
· იყენებს ძირითად, შედგენილ, ცივ და თბილ ფერებს;
· ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ გამოსახულებებს, ფორმებს;
ს.გ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გამოყენების უნარის განვითარება და გაღრმავება.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.III.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შეასრულოს სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიებაში მონაწილეობა, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს;
ს.გ.III.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის გამოთქმა საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრების შესახებ ელემენტარული ტერმინოლოგიის გამოყენებით.
· სხვებს უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს თანაკლასელთა ან ცნობილ მხატვართა ნამუშევრის შესახებ (რა მოსწონს ან არ მოსწონს, რა არის გამოსახული და სხვ.);
· საუბრისას იყენებს ელემენტარულ ტერმინებს (მასალის ჩამოთვლისას, სახვითი ხელოვნების ელემენტების დასახელებისას, მაგ., გამოვიყენე ტეხილი ან კლაკნილი ხაზი და სხვ.);
· უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას, სვამს და პასუხობს კითხვებს (მაგ., ნამუშევრის შინაარსთან დაკავშირებით);
· პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს;
· ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ჩამოთვლის და ამოიცნობს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, კერამიკა, ტექსტილი და სხვა);
· ასახელებს და ამოიცნობს ზოგიერთ ჟანრს (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი);
· ხელოვნების ზოგიერთ ცნობილ ნიმუშს მიაკუთვნებს მათ შესაბამის დარგს, ჟანრს და საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებაზე (რომელი მოსწონს, რატომ);
· ასახელებს და ახასიათებს დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს (კომპოზიტორი, მხატვარი, რეჟისორი და ა.შ.);
· აგროვებს ინფორმაციას მის რეგიონში მდებარე (ქალაქი, სოფელი, დასახლება) არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, დეკორატიულ-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს;
· საუბრობს საოპერო, საბალეტო, თეატრალურ წარმოდგენებზე (დეკორაციები, კოსტიუმები, შინაარსი);
· საუბრობს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მისთვის ნაცნობ საყვარელ ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებზე, ელექტრონულ საგანმანათლებლო თამაშებზე, ილუსტრირებულ წიგნებზე და საუბრობს, რატომ მოსწონს ესა თუ ის ანიმაციური თუ მხატვრული ფილმი, გმირი, მუსიკა/სიმღერა და ილუსტრაცია;
· ასახელებს ნამუშევარს, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამხატვრო გალერეაში ან მუზეუმში ყოფნისას;
· სვამს კითხვებს ნამუშევარში ასახული საგნების, ადამიანებისა და მოვლენების შესახებ, საუბრობს შინაარსზე, მასში გამოხატულ განწყობილებაზე და მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
· აკავშირებს სახვითი ხელოვნების ნაწარმოების შინაარსს (მაგ., წელიწადის დროები) სხვა საგნებში ნასწავლ მასალასთან (მაგ., ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მიღებულ ინფორმაციასთან, მუსიკალურ ნაწარმოებთან, რომელიც მუსიკის გაკვეთილზე მოისმინა, ქართული ლიტერატურის ნიმუშებთან-ლექსი, მოთხრობა და სხვა).
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები
ელემენტები:
ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური.
მოსწავლე ჩანაფიქრის, გუნება-განწყობის და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს ნამუშევრების შესაქმნელად (ცდილობს გადმოსცეს ხასიათი მსხვილი, წვრილი, მრუდი, განსხვავებული სისქის კონტურით და სხვა).
ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი ფერები.
მოსწავლე ჩანაფიქრის, გუნება-განწყობილების (ემოციების) (სიხარულს, მოწყენილობას, შიშს და სხვ.) გადმოსაცემად იყენებს ძირითად, შედგენილ, ცივ და თბილ ფერებს; გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროებს, ამინდს, რაიმე მოვლენას და სხვა.
ფორმა: 2D და 3D - ბრტყელი და მოცულობითი, სიმეტრიული და ასიმეტრიული.
მოსწავლე ამოიცნობს სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფორმებს და იყენებს ნამუშევრის შექმნისას (ადამიანის მიერ შექმნილ და ბუნებაში არსებულ სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფორმებს; მაგ., სიმეტრიული - პეპელა, ნაგებობა და სხვ.; ასიმეტრიული - ნაგებობა, რაიმე ნივთი, მცენარე და სხვ.), თავად ქმნის ორ და სამგანზომილებიან - ბრტყელ და მოცულობით ფორმებს და აწყობს კონსტრუქციებს; თიხით, პლასტილინით, ცვილით, ცომის გამოყენებით ძერწავს მცირე პლასტიკის ნიმუშებს და ქმნის კომპოზიციას, კონსტრუქციას, სხვადასხვა საგანს.
პრინციპები: ძირითადის გამოყოფა, რიტმი.
მოსწავლე ქმნის ნამუშევარს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ან თავის მიერ შერჩეულ თემაზე, ან რაიმე ზღაპრის, ლიტერატურული ნაწარმოების, მხატვრული ან ანიმაციური ფილმის და ა. შ. სიუჟეტის მიხედვით, რომელშიც ფერით, ფორმით ზომით გამოყოფს მთავარ პერსონაჟებს.
ეცნობა ქართულ ტრადიციულ და სხვა ორნამენტების ნიმუშებს და თვითონაც ქმნის რიტმულ გამოსახულებებს, ორნამენტებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზის, ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი ფერების, გეომეტრიული და ბუნებრივი ფორმების გამოყენებით და მათი მონაცვლეობით/კომბინაციებით.
მუქი და ნათელი ფერების გამოყენებით ქმნის კონტრასტულ გამოსახულებებს, შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ შავი და თეთრი ფერები.
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ფლომასტერი, გუაში, აკვარელი, ნახშირი, სანგინა, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა (ფოთოლი, გირჩა, მარცვლეული, ნიჟარა, მძივები, ლენტები და სხვ.); ფუნჯი, მაკრატელი, წებო; მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მის რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსი (მაგ., ზღვისპირა რეგიონში - ნიჟარა, კენჭები, მთის რეგიონში - გირჩა, ხავსი, ხის ქერქი და სხვ.).
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვ.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
მოსწავლე მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის შესაძლებლობების კვლევა-ძიებით, ექსპერიმენტებით განიმტკიცებს და იღრმავებს მიღებულ ცოდნას და გამომუშავებულ უნარებს. აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფაქტურას და თავად იღებს მრავალფეროვანი მასალისა და ხერხის გამოყენებით, ცდილობს გადმოსცეს გარემოში/ბუნებაში არსებული სხვადასხვა ობიექტის ფაქტურის (მაგ., ხის, ქერქის, კუს ბაკნის და სხვ.) იმიტაცია/ილუზია.
ატარებს ექსპერიმენტებს არატრადიციული იარაღით და მასალით; იყენებს მრავალფეროვან ხელოვნურ თუ ბუნებრივ მასალას გრაფიკული, ფერწერული, აპლიკაციის, კოლაჟის, ანაბეჭდების, მცირე პლასტიკის ნიმუშების, მარტივი ნაკეთობებისა და კონსტრუქციების შესაქმნელად; ქმნის ნამუშევრებს მონოტიპიის გამოყენებით (სველი საღებავებით მოხატულ ფურცელზე ან სწორ ზედაპირზე ზემოდან აფარებს ფურცელს, შემდეგ, ერთი მოძრაობით ან თანდათან, ინტერვალებით ააძრობს მას. მიღებულ ანაბეჭდში შეიძლება ამოიცნოს რაიმე ფორმები, მიამსგავსოს რაიმე გამოსახულებას და მიუხატოს დეტალები).
სავარაუდო თემები: “მხიარული არდადეგები”, “ზღვაზე”, “მზის ჩასვლა”, “წვიმიანი დღე”, “ხედი ჩემი ფანჯრიდან”, “შემოდგომის ტყე”, “საშობაო საჩუქარი”, “გაზაფხული მოვიდა”, “ზღაპრული ფრინველი“, “თეატრში”, “მოგზაურობა აფრიკაში“, “ჯუნგლები”, “მოგზაურობა მატარებლით/თვითმფრინავით”, “მოგზაურობა კოსმოსში”, “ოცნების ქალაქი”, თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით; ეპიზოდები და პერსონაჟები მხატვრული ლიტერატურიდან და სხვ.
IV კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.
· ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს;
· სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
ს.გ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
· მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის ნამუშევრებს სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი, ყოფითი ჟანრი);
· მუშაობის პროცესში იყენებს განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით;
· კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში ქმნის რიტმულ, სიმეტრიულ, ასიმეტრიულ ნამუშევრებს.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
· ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
ს.გ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
· სხვებს უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებებს თანაკლასელთა ან ცნობილ მხატვართა ნამუშევრის შესახებ (ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, რა მოსწონს ან არ მოსწონს) და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია;
· საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას (მასალის ჩამოთვლისას, სახვითი ხელოვნების ელემენტების დასახელებისას, მაგ., სქელი კონტური გამოვიყენე და სხვა);
· უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
· ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშებს გამომსახველობითი ხერხების, მასალის, ტექნიკის მიხედვით;
· ასახელებს და ამოიცნობს ზოგიერთ ჟანრს (ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, ყოფითი);
· ასახელებს და ახასიათებს სახვითი ხელოვნების დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს (მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი და სხვ.);
· აგროვებს ინფორმაციას ცნობილ არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, დეკორატიულ-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს; მუშაობს ინტეგრირებულ პროექტებზე (ქართული, ბუნებისმეტყველება, მუსიკა და სხვ.);
· საუბრობს იმ ნამუშევრის შესახებ, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამხატვრო გალერეაში ან მუზეუმში ყოფნისას და ასაბუთებს რატომ;
· ადარებს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშს ლიტერატურულ ან მუსიკალურ ნაწარმოებს და საუბრობს თავის შთაბეჭდილებებზე.
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური და შტრიხი.
მოსწავლე იყენებს შტრიხს და სხვადასხვა ტიპის ხაზს გამოსახულებების შესაქმნელად; სხვადასხვა ტიპის ხაზების გამოყენებით ცდილობს გადმოსცეს მოძრაობა (მაგ., ხეების მოძრაობა ქარში და სხვ.).
ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, ტონალობა - თეთრის ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი.
მოსწავლე ჩანაფიქრის, გუნება-განწყობილების (ემოციების) და დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებების გადმოსაცემად იყენებს ძირითად, შედგენილ, ცივ და თბილ ფერებს, კონტრასტულ ფერებს, მათი გამოყენებით აქცენტირებას აკეთებს განსაკუთრებით ემოციურ ან საყურადღებო სიუჟეტებზე.
იყენებს ტონალობას (თეთრის ან შავი ფერის დამატებით ცვლის სინათლის ხარისხს: ნათელი-ბნელი-ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი და სხვა).
აკვირდება გარემოში ობიექტებს, მათ შეფერილობას და ასახავს ნამუშევარში; გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს, წელიწადის დროს, რაიმე მოვლენას და სხვ.
ცივი და თბილი ფერების გამოყენებით ქმნის გარკვეულ განწყობილებას.
ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს.
ფორმა: 2D და 3D - ბრტყელი და მოცულობითი, სიმეტრიული და ასიმეტრიული.
მოსწავლე იყენებს სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ფორმებს ნამუშევრის შესაქმნელად. თავად ქმნის ორ და სამგანზომილებიან - ბრტყელ და მოცულობით ფორმებს და აწყობს კონსტრუქციებს; თიხით, პლასტილინით, ცვილით, ცომის გამოყენებით ძერწავს მცირე პლასტიკის ნიმუშებს და ქმნის კომპოზიციას, კონსტრუქციას, სხვადასხვა საგანს.
პრინციპები: რიტმი, წინა და უკანა ხედი, ძირითადის გამოყოფა, სტატიკა, დინამიკა, კონტრასტი.
მოსწავლე გადმოსცემს წინა და უკანა ხედს გამოსახულების ზომის, მკვეთრი და მკრთალი ფერების საშუალებით (წინა ხედი - მკვეთრი, უკანა ხედი - მკრთალი); ცდილობს გადმოსცეს/დახატოს/გამოძერწოს სტატიკური და დინამიკური გამოსახულებები (მაგ., ფოთოლცვენა, ქარი, ბავშვები თამაშობენ ბურთს და სხვ.); ქმნის რიტმულ გამოსახულებებს, სხვადასხვა ზომით, ფერით გამოყოფს მთავარს ნამუშევარში; აკვირდება გარემოში საპირისპირო წყვილებს: კონტრასტულ ფერებს (ბუნებაში, სამოსზე და სხვ.), ბნელ და ნათელ, დიდ და პატარა (ადამიანები, საგნები და სხვ.) გამოსახულებებს და ასახავს ნამუშევარში.
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია, კომპიუტერული სახატავი პროგრამა და სხვა.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
მოსწავლე მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკით, სხვადასხვა ხერხის, ტრადიციული და არატრადიციული იარაღის გამოყენებით ატარებს ექსპერიმენტებს. იყენებს ფანქრებს, საღებავებს, მარკერებს, ცარცს, ცვილს, ცომს, ჟურნალ-გაზეთებს, საკაწრავ საშულებას, მძივებს, ქვებს, ნიჟარებს, თოკს, მავთულს, სხვადასხვა ზომის ლითონისა და მუყაოს ყუთებს და სხვა მრავალფეროვან ხელოვნურ თუ ბუნებრივ მასალას გრაფიკული, ფერწერული, აპლიკაციის, კოლაჟის, ანაბეჭდების, მონოტიპიის, მცირე პლასტიკის ნიმუშების, მარტივი ნაკეთობების, კონსტრქუციების და სხვ. შესაქმნელად.
V კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.V.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სხვადასხვაგვარი მონასმებითა და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას;
· იყენებს სხვადასხვა ტიპისა და სისქის ხაზს, კონტურსა და შტრიხს;
· იყენებს კონტრასტულ ფერებსა და ფერის გრადაციას;
· ცდილობს შუქ-ჩრდილის, ათინათის და დაცემული ჩრდილის საშუალებით გამოსახოს საგანთა მოცულობა;
· ირჩევს სასურათე სიბრტყის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ პოზიციას ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად;
· გამოსახულებას გააზრებულად ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე;
· სივრცის გამოსახატავად იყენებს ნახევარტონებს (წინა ხედი - მკვეთრი, უკანა ხედი მკრთალი);
· ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს;
· სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით) გამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
ს.გ.V.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
· ავითარებს მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენების გზებს გარემოში არსებული განსხვავებული ფაქტურის იმიტაციის/ილუზიის შესაქმნელად;
ს.გ.V.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· უზიარებს თანაკლასელებს დაკვირვების შედეგებს და საკუთარ გამოცდილებას;
· იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას, ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში;
· ვირტუალურ ჯგუფებში აზიარებს საკუთარ ციფრულ ნამუშევარს;
ს.გ.V.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, აღძრულ შთაბეჭდილებებზე, განწყობილებაზე (რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის ხაზი, ფერი, ფორმა და სხვ.) და საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნების ნაწარმოების მიმართ;
· იყენებს შესაბამის ტერმინებს ნამუშევარზე საუბრისას;
· უსმენს, აცდის სხვებს აზრის გამოთქმას მსჯელობის, დისკუსიის დროს, სვამს და პასუხობს კითხვებს, ურჩევს და თავად იღებს რჩევებს, ხმარობს კორექტულ გამოთქმებს;
· ნამუშევრის წარდგენისას მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.V.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან.
· ამოიცნობს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს ძირითადი მახასიათებლების მიხედვით (არქიტექტურული ძეგლები, დეტალები, ორნამენტი და სხვ.);
· საუბრობს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების ფუნქციურ დანიშნულებაზე (თავდაცვითი, საკულტო, საყოფაცხოვრებო არქიტექტურა და სხვ.);
· მსჯელობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის (სახვითი, დეკორატიული) ცალკეული ნიმუშის დანიშნულებაზე (გამოყენებითი, რელიგიური, ესთეტიკური, საინფორმაციო);
· საუბრობს, როგორ აისახება ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებში (მაგ., დღესასწაული, ისტორიული ფაქტი და სხვ.).
ს.გ.V.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართულ ხელოვნებასა და ხელოვნების მოღვაწეებზე მსჯელობა.
· საუბრობს ქართული ქანდაკებისა და არქიტექტურის რამდენიმე ნიმუშზე;
· მსჯელობს მატერიალური კულტურის ძეგლებზე, რომლებიც უნახავს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას;
· ამოიცნობს რამდენიმე ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ნამუშევარს და საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებაზე.
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური და შტრიხი.
მხოლოდ შავი ფანქრის საშუალებით მრავალი დეტალის გამოყენებით მოსწავლე გამოსახავს საკუთარ თავსა და სხვებს სხვადასხვა რეალურ და გამოგონილ სიტუაციაში, იყენებს სხვადასხვა სისქის ხაზს, კონტურს.
ასრულებს გრაფიკულ ნამუშევარს ფუნჯით და ერთი ფერის საღებავით. ამისთვის ჯერ ვარჯიშობს სხვადასხვა ტიპის ხაზის ფუნჯით შესრულებაში (მასწავლებელმა უნდა აჩვენოს, როგორ იცვლება ხაზის სისქე ფუნჯზე დაწოლის რეგულირებით). შთაგონებისთვის შესაძლებელია დაათვალიეროს ჩინური და იაპონური გრაფიკის ნიმუშები.
ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, ტონალობა - თეთრის ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი, ნახევარტონები, ფერის გრადაცია.
აქტივობები ფერით და ხაზით:
მოსწავლე შავი ფლომასტერით ფურცელზე, ხელის აუღებლად ხატავს კონტურულ მონახაზს (ხაზი მრავალჯერ უნდა გადაიკვეთოს ისე, რომ გადაკვეთის ადგილებზე მიღებული ფორმები არ იყოს ძალიან პატარა ზომის). მიღებულ შემოფარგლულ ფორმებს აფერადებს საპირისპირო (კონტრასტული) და მონათესავე ფერებით. იმისთვის, რომ ნახატი უფრო ეფექტური იყოს, გაფერადებული მონაკვეთები შეიძლება დაიშტრიხოს, დაიკოპლოს, ჩაიხატოს რაიმე დეტალები; ხაზებს ზოგ ადგილას დაემატოს სისქე და ა.შ.
ფორმა: 2D და 3D - ბრტყელი და მოცულობითი, სიმეტრიული და ასიმეტრიული.
მცირე ზომის კოლოფებს (ასანთის, სუნამოს) მოსწავლეები ღებავენ თეთრი საღებავით, ან აწებებენ გარშემო თეთრ ქაღალდს, ასევე, თეთრი ფურცლისგან აკეთებენ კონუსს და პირამიდას. გეომეტრიულ მოდელებზე აკვირდებიან, თუ როგორ ეცემა მათზე სინათლის სხივი. ასევე მასწავლებელმა დაფაზე სქემატურად შეიძლება აჩვენოს საგნები და სხვადასხვა კუთხით დაცემული ჩრდილები. შემდეგ, მოსწავლეები ხატავენ გეომეტრიულ მოდელებს სხვადასხვა განათებით (პირდაპირი და გვერდიდან) და აფერადებენ ჩრდილებს (ჩრდილების გაფერადებისას არ მოეთხოვებათ ჩრდილების გრადაცია – საკმარისია, ერთი გვერდი მეორეზე მუქი დაიხატოს).
პრინციპები: კომპოზიციური განაწილების საფუძველი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატის შერჩევა, ფორმატზე გამოსახულების განაწილება); რიტმი, ძირითადის გამოყოფა, სიმეტრია და ასიმეტრია, სტატიკა, დინამიკა, კონტრასტი, პროპორცია, სივრცე (პერსპექტივის კანონები - წინა და უკანა ხედები).
გამოყენებული პრინციპები:
მოსწავლე გამოსახავს ადამიანის ფიგურას ძირითადი პროპორციების გათვალისწინებით (მარტივად);
ხატავს პეიზაჟს წინა და უკანა ხედების გამოყენებით.
მოსწავლე ეცნობა სასურათე სიბრტყის გამოყენებისა და კომპოზიციის ელემენტარულ წესებს (ფურცელზე საგნები და ფიგურები უნდა განაწილდეს თანაბრად, ისე, რომ "თვალს არ აღიზიანებდეს" გადატვირთული, ან ცარიელი ადგილები. გამოსახული საგნები არ უნდა იყოს ძალიან პატარა, ან ისეთი ზომის, რომ ვერ ეტეოდეს ფურცელზე).
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ფლომასტერი, გუაში, აკვარელი, ნახშირი, სანგინა, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, პლასტილინი, თიხა, ბუნებრივი, ხელოვნური, ტრადიციული და არატრადიციული მასალა (პლასტმასის და მინის ბოთლები, ლითონის ნივთები, მუყაოს და პოლიეთილენის პარკები და სხვ.), ფუნჯი, მაკრატელი, წებო, სადურგლო, სამეთუნეო, საქსოვი, სამკერვალო იარაღი და სხვა.
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა და მათი ტექნიკები (მონასმი, ლაქა, ანაბეჭდი), გრაფიტი, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის ნაკეთობები, მოზაიკა, კოლაჟი, მონოტიპია, მოდელირება, კონსტრუქცია, ფარდაგი, თექა, გობელენი, ნაქარგობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები (სახატავი პროგრამა, ტექსტური რედაქტორი); დაჭრა, დაწებება, ამოკაწვრა, ღუნვა, გრეხვა, დაწვნა.
მოსწავლეს სახლიდან მოაქვს პატარა ზომის ნაჭრები რაიმე მოხატულობით და ზევიდან საღებავით ახატავს, აგრძელებს, ამთავრებს მის მოხატულობას (იმისთვის, რომ გუაშის საღებავი არ გადავიდეს, ფერებს უნდა შეერიოს რამოდენიმე წვეთი წყალგამძლე (პვა) წებო).
პლასტილინის (რომელიც ხმება) ან მარილიანი ცომისგან მოსწავლე ამზადებს ნებისმიერი ფორმის ჩარჩოს – მრგვალი, ოვალური, მართკუთხა... ჩარჩოზე ამოკაწრავს ორნამენტებს. როდესაც ჩარჩო გაშრება, იგი უნდა დაწებდეს შესაფერისი ფორმის მუყაოს ნაჭერზე და გაუკეთდეს საკიდი.
ზოგადი აქტივობები:
მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და ასახავს ნამუშევარში;
ხატავს პორტრეტს, ნატურმორტსა და პეიზაჟს ნატურიდან და მეხსიერებით მეტი დეტალის გამოყენებით;
წარმოსახვით ქმნის პერსონაჟებს;
ირჩევს მხატვრულ ხერხებს გარკვეული იდეის გადმოსაცემად (მაგალითად, ქმნის პლაკატს ეკოლოგიურ ან სხვა თემაზე);
სავარაუდო თემები: “მზის ჩასვლა ზღვაში”, “შემოდგომის/გაზაფხულის წვიმა”, “რთველი”, “მშობლიური კუთხე” “ქვის ხანის ადამიანი”, “დინოზავრები”, “მითოლოგიური გმირები”, “სემირამიდას დაკიდული ბაღები”, “საყვარელი ისტორიული გმირი”, ”დედამიწა - ჩემი სახლი”, ”ერთგულება”, "ექსკურსია" და სხვ. (შეიძლება იყოს ადგილობრივი საწარმოს, არქიტექტურული ძეგლის, ადგილობრივი და უცხოური ტრადიციის ამსახველი თემებიც, ყოფითი სცენები, რეალურად მომხდარი საზოგადო მოვლენები, პირადი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, ასევე, თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით და სხვა.
VI კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.VI.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
· სხვადასხვაგვარი მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას;
· ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ.,, წონასწორობას, ხედვის წერტილს (მაგ., მოგზაურობა საჰაერო ბუშტით, ქვემოდან და ზემოდან დანახული სამყარო, საგნები და სხვ.);
· ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით (წინა, შუა და უკანა ხედი, ნახევარტონები);
· სხვადასხვა ხერხით (ფორმით, ზომით, ფერით, სასურათე სიბრტყეზე განაწილებით) გამოყოფს ნამუშევარში მთავარს;
· აკვირდება და ასახავს საგანთა თანაფარდობასა და პროპორციას (მარტივად).
ს.გ.VI.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.
· იყენებს განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის გამოყენებით მოცემულობის უკეთ შესასრულებლად და ჩანაფიქრის გადმოსაცემად;
· თავად ირჩევს მასალას და ტექნიკას (მაგ., ქსოვილს მოხატავს გუაშის და ტემპერის საღებავებით) ნამუშევარში სასურველი ეფექტის მისაღწევად;
· სხადასხვა მასალის საშუალებით ავითარებს მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენების გზებს განსხვავებული ფაქტურის იმიტაციის/ილუზიის შესაქმნელად;
ს.გ.VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მონაწილეობს ფუნქციების განაწილებაში;
· ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს მათგან დახმარებას;
· ვირტუალურ ჯგუფებში აზიარებს საკუთარ ციფრულ ნამუშევარს;
ს.გ.VI.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ინდივიდუალური, ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს ჩანაფიქრის, იდეის შესახებ და გამოყენებულ პრინციპებზე, ელემენტებზე, ხერხებზე, მასალაზე, ტექნიკაზე და სხვ.;
· საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე, ჟანრზე, დარგზე, მასალაზე, ტექნიკაზე, აღძრულ შთაბეჭდილებებზე, განწყობილებაზე (რა განწყობილებას უქმნის ესა თუ ის ხაზი, ფერი, ფორმა, კომპოზიციური განაწილება და სხვ.) და საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნების ნაწარმოების მიმართ;
· ცდილობს ამოიცნოს ჩანაფიქრი სხვათა ნამუშევარში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება მათ შესახებ (თანატოლთა, ცნობილ მხატვართა ნამუშევრები);
· ნამუშევარზე საუბრისას იყენებს შესაბამის ტერმინებს;
· ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ და კორექტულია სხვისი ნამუშევრის შეფასებისას.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VI.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან.
· ამოიცნობს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს ძირითადი მახასიათებლების მიხედვით და მსჯელობს, როგორ აისახა სოციალური, ისტორიული და რელიგიური კონტექსტი მათ ვიზუალურ მხარეზე;
· ასახელებს ცნობილი არქიტექტურული ძეგლების შექმნის მიზეზებს (პირამიდები, ჩინეთის კედელი, ცათამბჯენები და სხვ.);
· ვიზუალური დეტალების მიხედვით (ნივთები, ტანსაცმელი, შენობები, ტრანსპორტი) ამოიცნობს, რომელი ეპოქა და კულტურაა ასახული ნაწარმოებში;
ს.გ.VI.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართულ ხელოვნებასა და ხელოვნების მოღვაწეებზე მსჯელობა.
· საუბრობს ქართული ხელოვნების ძეგლებზე (მაგ., საქართველოს ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები) და მსჯელობს რამდენიმე დამახასიათებელ ნიშანზე;
· საუბრობს ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ფერწერა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) ნიმუშებზე, რომლებიც ყოველდღიურობაში შეხვედრია და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას;
· ჩამოთვლის ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ფერწერა, ქანდაკება, კედლის მხატვრობა, ხელნაწერთა მინიატურა, ჭედურობა, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნება და სხვ.) რამდენიმე ნიმუშს და მსჯელობს მათ შესახებ;
· საუბრობს ქართული ჩუქურთმის შესახებ (სად უნახავს, რა მოტივებს ვხვდებით ქართულ ჩუქურთმაში: მცენარეული, ცხოველური, გეომეტრიული) და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას;
· ამოიცნობს რამდენიმე ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ნამუშევარს და საუბრობს საკუთარ დამოკიდებულებაზე.
შინაარსი და რეკომენდაციები
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი: სხვადასხვა ტიპის და სისქის ხაზი, კონტური და შტრიხი.
სხვადასხვა ტიპის ხაზისა და შტრიხის გამოყენებით ქმნის გრაფიკულ ნამუშევარს, სადაც გადმოსცემს ბუნების მოვლენებს, მაგალითად აღელვებულ ზღვას, ძლიერ წვიმას და სხვ.
ფერი: ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული და მონათესავე ფერები, ტონალობა - თეთრი ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი, ნახევარტონები, ფერის გრადაცია.
აქტივობები ფერით:
მოსწავლე ხატავს ხეებს. მასწავლებელი აჩვენებს ვიზუალურ მასალას და უხსნის, თუ როგორ შეიძლება მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული მწვანე ფერის ტონი ხეების ფოთლების დასახატად – მწვანე საღებავში შეურიოს სხვა ფერები, მაგალითად, ყვითლის შერევით მიიღოს მოყვითალო მწვანე და სხვ. მოსწავლეს შეუძლია შიგადაშიგ, ფოთლებში სუფთა წითელი, ლურჯი, ან ყვითელი ფერიც გაურიოს. ასეთივე მეთოდით უნდა დაიხატოს ხეების ტანიც – მოსწავლემ რამდენიმე სხვადასხვა ფერის შეზავებით უნდა მიიღოს ბევრი სხვადასხვა ტონის ყავისფერი (მასწავლებელს შეუძლია ასევე შესთავაზოს თემა – “ზამთრის ტყე”, სადაც მოსწავლე თეთრის და ცისფერის სხვადასხვა ტონალობას გაათამაშებს).
ფორმა: 2D და 3D - ბრტყელი და მოცულობითი, სიმეტრიული და ასიმეტრიული.
პრინციპები: კომპოზიციური განაწილების საფუძველი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატის შერჩევა, ფორმატზე გამოსახულების განაწილება); რიტმი, ძირითადის გამოყოფა, სიმეტრია და ასიმეტრია, სტატიკა, დინამიკა, კონტრასტი, საგანთა თანაფარდობა და პროპორცია, სივრცე (პერსპექტივის კანონები - წინა, შუა და უკანა ხედები), წონასწორობა, ხედვის წერტილი.
გამოყენებული პრინციპები:
ფორმატზე გამოსახულების განაწილება:
მოსწავლე ფერად ქაღალდზე უბრალო ფანქრით, მკრთალად ხატავს რამდენიმე სხვადასხვა ზომის საგანს – დოქი, ჭიქა, ლარნაკი, რამოდენიმე ვაშლი, მსხალი, ყურძნის მარცვლები და სხვ., შემდეგ გამოჭრის და გამოჭრილ ფიგურებს ალაგებს სახატავ ფურცელზე. ატარებს ექსპერიმენტს – ფიგურებს ფურცელზე გადააადგილებს, მოუძებნის საუკეთესო განლაგებას და აწებებს.
მასალა და იარაღი: ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი, ტემპერა, ფლომასტერი, ტუში, მელანი, გუაში, აკვარელი, ნახშირი, სანგინა, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, პლასტილინი, თიხა, ბუნებრივი, ხელოვნური, ტრადიციული და არატრადიციული მასალა, ფუნჯი, მაკრატელი, წებო, სადურგლო, სამეთუნეო, საქსოვი, სამკერვალო იარაღი და სხვ.
ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა და მათი ტექნიკები (მონასმი, ლაქა, ანაბეჭდი), ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის ნაკეთობები, მოზაიკა, კოლაჟი, მონოტიპია, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები (სახატავი პროგრამა, ტექსტური რედაქტორი, საპრეზენტაციო პროგრამა); დაჭრა, დაწებება, ამოკაწვრა, ღუნვა, გრეხვა, დაწვნა, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე კვეთა.
გამოყენებული მასალა და ტექნიკა:
მოსწავლე ყურადღებით აკვირდება ვან გოგის ნამუშევრის დეტალებს და შეეცდება მსგავსი მონასმების გამეორებას თავის ნამუშევარში.
მოსწავლეები ეცნობიან პუანტილისტების ნამუშევრებს, ნამუშევრების დეტალებს – თუ როგორაა დახატული ხეები, მიწა, ბალახი და სხვ. შემდეგ, ამ ტექნიკით (ფერადი წერტილებით) ხატავენ პეიზაჟს (პუანტილისტების ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რაიმე დეტალის გამოსახვის თავისებურებას - მაგ., ხეებს – თუ რამდენი სხვადასხვა ფერით არის გადმოცემული მწვანე, როგორ მიიღწევა ერთიანობის ეფექტი და სხვ.).
მოსწავლე ხატავს პორტრეტებს, ნატურმორტსა და პეიზაჟს ნატურიდან და მეხსიერებით სახასიათო ნიშნების გამოყენებით;
ქმნის ტანისამოსის, ავეჯის, სხვადასხვა ნივთის ესკიზს;
იხატავს ქართული ჩუქურთმის ნიმუშებს;
რგავს და უვლის ხეებს და ყვავილებს;
აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას;
ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის ხატავს მარტივი დეკორაციებისა და კოსტუმების დეტალების ესკიზებს და მონაწილეობს მათ დამზადებაში;
სხვადასხვა მასალის გამოყენებით ქმნის მაკეტებს თეატრალური სპექტაკლისთვის;
კონსტრუქტორის სქემების და დეტალების გამოყენებით აგებს მარტივ ელექტრო სათამაშოს.
სავარაუდო თემები: “წელიწადის ოთხი დრო”, “ზღაპრული ბაღი”, “საყვარელი ფილმის გმირი”, “ქართული ორნამენტის მოტივები”, “ლეგენდების სამყარო”, “მოგზაურობა საჰაერო ბუშტით”, ,,ქალაქი“, ,,სოფელი’’, “სამშობლო”, “გმირობა”, ემბლემა, ლოგო, ღერბი, დროშა, ექსლიბრისი და სხვა.
No comments:
Post a Comment